სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

2025 წლის 10 თებერვალს, თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან: ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან შეხვედრას “ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას დაეთმო.

“ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, თბილისს სურს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგეს.

“ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას”, – წერია განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სოხუმის აეროპორტის გახსნაზეც ისაუბრა და ის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა.

“შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების საკითხს. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას”, – წერია განცხადებაში.

7 თებერვალს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში პირველი ფრენა შესრულდა. რეგულარული საჰაერო ფრენების დაწყება ზაფხულში იგეგმება.

“ქართულ ოცნებას” აღნიშნულზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…